თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. კანონი, რომლის მიღებასაც აშშ-ის კონგრესი აპირებს, უფრო გააფუჭებს ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის, ვიდრე ხელს შეუწყობს მათ გაუმჯობესებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის კონგრესი განიხილავს MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence). ინგლისურიდან ეს ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
„ცინიკურია, როდესაც იმ კანონს რომელსაც კონგრესში განიხილავენ და რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია, პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს „DAUDZINEBELI" აქტს დავუძახებდი, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას“, - განაცხადა კობახიძემ.
სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, აღნიშნა პრემიერმა.
„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას“, - განაცხადა კობახიძემ.
კანონპროექტ MEGOBARI ACT-ის თანახმად, აშშ კვლავაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას - ის განახორციელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და გახსნის თავის ბაზარს საქართველოსთვის, ამავე დროს დაასანქცირებს იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე.
მაისის ბოლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შემოიღების შესახებ იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.