თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორიზმის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბათუმში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა და ახლა ადგენს მათ შესაძლო კავშირს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ორივე პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სუსი განმარტავს, რომ აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 328-ე მუხლებით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება).
პირველ შემთხვევაში დანაშაული 3-დან 6 წლამდე და მეორეში 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.