თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებული მოვლენები ხელს ვერ შეუშლის ტურიზმის წარმატებას - 2024 წელი ინდუსტრიისთვის რეკორდული წელი იქნება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევის საკითხი წამოაყენეს. მათი თქმით, ტურიზმის სექტორში რთული ვითარებაა, უქმდება ჯავშნები და არსებობს ზაფხულის ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხე.
„წელს ჩვენი ამბიციები უცვლელი რჩება და ვამბობთ, რომ ეს წელი იქნება რეკორდული წელი ტურიზმის ინდუსტრიაში და ყველაზე წარმატებული ისტორიაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა BMG-ის ეთერში.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ნეგატიურ შედეგების მოლოდინი არ აქვს და მის პოზიტიურ მოლოდინებს მეორე კვარტლის სტატისტიკაც დაადასტურებს, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მისი თქმით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით წარმატებული იყო ტურიზმისთვის, რომელმაც რეკორდული შემოსავალი - 800 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა კვარტალურ რეკორდს მიაღწია და 807,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და 39,6%-ით მეტი 2019 წლის, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით.
„ასევე აპრილ-მაისში გვქონდა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, ავიაკომპანიების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა საშუალოდ 7%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი დაახლოებით 8%-ით. სწორედ ეს დინამიკა გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი მოლოდინები იყოს პოზიტიური“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, 2022 წლის მაჩვენებლთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 938,4 მილიონი აშშ დოლარი - 4,7%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1 მილიონჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 23,2%-ია.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.