თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოება- საქართველოს“ წარმომადგენლის ვანო ჩხიკვაძის განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ღალატი უწოდა.
აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილებოდა, საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, ასევე ე.წ. მოწმეები საქართველოდან ნატალია საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე. მათი განცხადებით, საქართველომ პროდასავლურ კურსს გადაუხვია.
„ის, რაც გუშინ კონგრესში ვნახეთ, იყო ჩვეულებრივი ღალატი... ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი. ამას სხვანაირად არ შეიძლება ეწოდოს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან საბანაძე, რომელიც ამჟამად ბრიტანული ანალიტიკური ცენტრ Chatham House-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია და ვანო ჩხიკვაძე, რომელიც არის ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროპული ინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი, ბოლშევიკ რევოლუციონერ სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.
რაც შეეხება სანქციებს, კობახიძის თქმით, მისი უნდა ეშინოდეს მხოლოდ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას". „ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი", დასძინა პრემიერმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებაზე. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს საქართველოში.
„დღეს, როცა საქართველოს კონტექსტში მაიდანს იხსენებენ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც მაიდანმა მოუტანა უკრაინას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ პროცესებს საქართველოსთვის?“ - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დღეს უკრაინა განადგურებულია, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
„მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში... ეს ხალხი იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ, დღეს საქართველოს მაიდანით ემუქრებიან და ეს არის აღმაშფოთებელი, საგანგაშო“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეები უარს აცხადებენ საჯარო დისკუსიაზე და მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკით შემოიფარგლებიან.
„კანონთან დაკავშირებით არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. მე ყველას შევთავაზე საჯარო დისკუსია, მაგრამ ყველამ თავი აარიდა საჯარო განხილვას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად არგუმენტები არ არსებობს", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილების და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო. სკანდალური კანონი ძალაში უკვე შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.