თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რთული მოსასმენია, როდესაც აშშ-ის კონგრესში ადამიანები იმეორებენ ანტიქართულ დეზინფორმაციას საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ სტივ კოენის განცხადების კომენტარისას.
კონგრესში გამართულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილებოდა, კონგრესმენმა სტივ კოენმა, როგორც ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა პოლიტპატიმრების საკითხებში, შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის მდგომარეობის გამო. კოენმა სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა და აღნიშნა, რომ მას საშინლად ეპყრობიან. კონგრესმენმა ასევე არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე შეიძლება საფრთხე ემუქრება.
„ჩვენ გავხდით საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციის მომსწრე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ცუდად ექცევიან, თითქოს ის პოლიტპატიმარია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლა ორი წლის განმავლობაში მოუწია. ხელისუფლების სიმართლე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომელმაც ჯერ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი არ დაადგინა, შემდეგ კი დაუშვებლად ცნო ექს-პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
„სტრასბურგმა თქვა, ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ენერგიული. გარდა ამისა, ჩვენ ყველამ ვიცით, რა სიმულაციასთან, მანიპულირებასთან, ტყუილთან, ანტიქართულ ტალღასთან გვქონდა საქმე. ამის შემდეგ, რთული მოსასმენია, როცა ჩვენ ვხედავთ ადამიანები კონგრესში თუ როგორ იმეორებენ ანტიქართულ დეზინფორმაციას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ორ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი რეზოლუცია მიიღო და მას პოლიტპატიმარი უწოდა. საქართველოს შესახებ პირველი მკვეთრი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე - 2024 წლის 25 აპრილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.