საქართველოს ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი: პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესის სხდომაზე

აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „სოროსის“ ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი და საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენა სახელწოდებით „საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ მძიმე სანახაობა იყო, სადაც იყო საქართველოს ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
კონგრესში გამართულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილებოდა, ე.წ. მოწმეებად მიწვეული იყვნენ ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში ნატალია საბანაძე. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის აუცილებელი ცხრა პუნქტის შესასრულებლად. მათ ასევე შესთავაზეს სანქციების შემოღება მმართველი გუნდის წევრებისა და მათი შვილების წინააღმდეგ.
„მძიმე სანახაობაა, ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია, კონგრესში გამართული გუშინდელი განხილვიდან გამოვიტანოთ. ჩვენ ვიხილეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და დაკითხვის დროს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ჩვენება მისცეს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ძნელი წარმოსადგენია იმაზე დიდი სირცხვილი, ვიდრე ვანო ჩხიკვაძისა და ნატალია საბანაძის საქციელია. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ ადრე ასეთი ადამიანები ჩუმად აბეზღებდნენ თავიანთ სამშობლოს სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, ახლა უკვე ყველაფერი ღიად ხდება.
„ჩაიპარებოდნენ, რათა რაიმენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს, 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი უკვე პირდაპირ ეთერში ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. მისი თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს საქართველოში.
მაისის ბოლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შემოიღების შესახებ იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.