სსფ-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ეკონომიკურ სიტუაციას გაეცნო

სავალუტო ფონდის მისიამ დადებითა შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა შეხვედრაზე საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გააქტიურების დეტალები მიმოიხილეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გააქტიურების დეტალებზე იმსჯელეს.
„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, რომელსაც გავაცანით საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, სავალუტო ბუფერების გაძლიერების პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები. მოხარულები ვართ, რომ საერთო ჯამში სავალუტო ფონდის მისიამ დადებითაც შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა თურნავამ.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებს.
მარეგულირებლის ცნობით, სსფ-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.
„მიხარია, როცა ვხედავ, რამდენი რამ შეიცვალა საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ. ბოლოს აქ 2005 წელს ვიყავი, ვითარება რადიკალურად შეცვლილია მას შემდეგ, ბევრად გამოცოცხლებულია აქაურობა და ძალიან მიხარია, ამ ცვლილებებს რომ ვხედავ", - განაცხადა ჰაჟდენბერგმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც.
მხარეებმა საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ფონდს მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ქვეყანას უწევს მდგრადი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებაში.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ხანგრძლივი პაუზა
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება და აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები ქვეყანაში პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. . იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გაძლიერებაში , ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.