დეპუტატი: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოში ძალადობრივი რევოლუცია დააანონსეს

Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ამერიკელმა კონგრესმენებმა დააანონსეს საქართველოში ძალადობრივი რევოლუცია და ქვეყნის „უკრანიზაციის“ გეგმა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენის - „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა" კომენტარისას.
კონგრესში გამართულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილებოდა, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. მისი თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს საქართველოში.

„რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი", - დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.

დეპუტატმა კონგრესში გამომსვლელები ბოლშევიკური ეპოქის ფიგურას სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და მათ მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები უწოდა, რომლებიც კონგრესმენების წინაშე „ჩვენებას საქართველოს წინააღმდეგ აძლევდნენ".
„არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!“ - დაწერა ყაველაშვილმა.
აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ე.წ. მოწმის სახით ასევე მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის აუცილებელი ცხრა პუნქტის შესასრულებლად. გარდა ამისა, მათ შესთავაზეს სანქციების შემოღება მმართველი გუნდის წევრებისა და მათი შვილების წინააღმდეგ.
„ესენი ცდილობენ მოღალატის იარლიყი სხვას მიაკრან... სამშობლო არ იყიდებ", - დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.