არ შეიძინოთ ხორცი და რძის პროდუქტები საეჭვო ადგილებში: სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ არაორგანიზებულ ადგილებში საკვების, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეძენისგან.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მოსახლეობამ მალფუჭებადი პროდუქტი (ხორცი, რძე, თევზი და კვერცხი) სპეციალიზებულ საცალო ობიექტებში უნდა შეიძინოს, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა ვასილ კვერნაძემ.
კვერნაძემ ზაფხულის ცხელი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ქალაქელებს რეკომენდაციებით მიმართა.
„წინ ზაფხულის პერიოდია, მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არაორგანიზებულ ადგილებში საკვების, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეძენისგან, ეს არის ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კვერცხი“, - განაცხდა კვერნაძემ პრეს-კლუბში „კვირა“ .
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე სავარაუდო სურსათისმიერი ჯგუფური დაავადებით გამოწვეული შვიდი შემთხვევაა დაფიქსირებული.
„აღსანიშნავია, ამ საკითხის სეზონურობა. აღნიშნული დაავადებების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად უფრო მეტად მწვავდება“, - განაცხადა კვერნაძემ.
გარდა ამისა, მან მოუწოდა მოსახლეობას პროდუქციაზე დატანებულ ეტიკეტს, ვარგისიანობის ვადას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ.
რაიმე სახის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" - 1501, რათა ინტოქსიკაციები და არასასურველი შედეგები თავიდან იქნეს აცილებული.
გარდა ამისა, კვერნაძის თქმით, სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე წელს 10 ათასზე მეტი შემოწმება განხორციელდა.
2023 წელს 32 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, ლაბორატორიული კვლევისთვის 5,5 ათასზე მეტი ნიმუში იქნა აღებული, დარღვევების რაოდენობამ 12% შეადგინა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.