თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ოპოზიციამ „კოლექტიური ნაცმოძრაობის" სახით საკუთარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი აირჩია, რადგან სხვებისგან განსხვავებით მას ხელები სისხლში არ აქვს გასვრილი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახელმწიფო მეთაურის ინიციატივაზე კომენტარისას.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის".
„ეს ქარტია თვალთმაქცურია, რადგანაც ახალს არაფერს გვეუბნება, გარდა იმისა, რომ იმეორებს იმ რეალობას, რომელიც ყველამ ვიცით - არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათ ვერ შეძლეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის" ლიდერად ვერავის დასახელება სალომეს გარდა, რომელსაც ხელები სისხლში არ აქვს გასვრილი", - განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, აღნიშნულმა „ქარტიამ" იურიდიულად გააფორმა ის, რასაც „ქართული ოცნება" დიდი ხანია ეუბნება საზოგადოებას, რომ ყველა ეს პარტია წარმოადგენს ერთ მთლიანობას.
„დაე, მათ ერთხელ და სამუდამოდ ოფიციალურად უწოდონ საკუთარ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა კირცხალიამ.
მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ინიციატივას „ლოკალური ომის ქარტია“ უწოდეს, სადაც ამომრჩევლები თითქოს ხმას აძლევენ ევროპას, რეალურად კი „ნაციონალურ მოძრაობას“
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.