თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების ცნობით, აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 1.860 ჰა ფართობი.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.
„მავნებელი პოპულაციის ფაზაშია და ამ ეტაპზე, სააგენტოს ღონისძიებების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ფერმერების მიერ საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების რეკომენდებული სქემებით დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას“, -განმარტა სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურებით.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.