თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმებს და ანგარიშების დაყადაღებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომლის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე დასავლეთი, ძალაში შევიდა. 28 მაისს პარლამენტმა სკანდალურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, 3 ივნისს კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას ხელი მოაწერა და იგი „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.
„თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას. ვეღარ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებდნენ. თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება?", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, არსებობს ეჭვები, რომ პოლარიზაცია და რევოლუციური სცენარის დაფინანსება სწორედ ამ გაუმჭვირვალობის გამო მოხდა.
გენმდივნის თქმით, ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს და არ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
„კანონი, რომელიც ძალაში შედის, მხოლოდ ერთს მოითხოვს – გამჭვირვალობას. წლის განმავლობაში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ, უნდა წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ თანხას ვისგან იღებენ და რაში იხარჯება", - განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კანონის მოწინააღმდეგეებმა ვერ მოახერხეს არგუმენტების მოყვანა, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს.
„ბოლოს ერთადერთი ადამიანი გამოინახა – პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ არგუმენტია „იმიტომ", - განაცხადა კალაძემ.
მომხრე და მოწინააღმდეგე
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, ეუთო/ოდირმა, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოში სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები მას „რუსულ კანონს" უწოდებენ.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის დეტალები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.