„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: აშშ საქართველოს სანქციებით ემუქრება

ევროკავშირმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, თუმცა, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და მე ამაზე გავჩერდები", - განაცხადა მილერმა ბრიფინგზე.
ამასთან, მილერმა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დაწესებაზე არ იყოყმანებს.
მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ შეშფოთებულია იმით, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. მისი თქმით, ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობებს საქართველოსთან.
„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, - განაცხადა მილერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ „ამ საკითხზე ენტონი ბლინკენის დამოკიდებულება ნათელია".
„სახელმწიფო მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოაცხადა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ, ასევე გამოაცხადა ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომელზეც აშშ-ის მხრიდან მოქმედებას თქვენ უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები“, - განაცხადა მილერმა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.