საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს

Sputnik
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. მიმდინარე კვირაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა პლუს 33-35 გრადუსს მიაღწევს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სინოპტიკოსების პროგნოზით, სიცხის ფონზე, ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში, ძირითადად, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
„წვიმის, სეტყვისა და, ზოგადად, არსებული უამინდობის შემდეგ, გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს... ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები", - განაცხადა მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ.
ახალი თვე, ფაქტობრივად, დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა, დასძინა მეტეოროლოგმა.
„მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 33-35 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, ღამის საათებში, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში, ძირითადად, მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო", - განაცხადა ფარტენაძემ.
გასულ კვირას საქართველოში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი დაფიქსირდა. უხვმა ნალექმა საქართველოს რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ნაპირებიდან ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა გზები, სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.