თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირების წინაპირობაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
„დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
2024 წლის ოთხი თვის მშპ-ის ზრდის მონაცემებს კობახიძემ ძალზე მაღალი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს.
„თავდაპირველად პროგნოზირებული იყო წლიური ეკონომიკური ზრდა 4,8%-ის ნიშნულზე, მაგრამ ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება ოთხთვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო 6,8%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
სიღარიბესთან ბრძოლა
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა საქართველოს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული სერიოზული პროგრესიც.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.
„ეს ძალიან სერიოზული წინსვლაა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6%, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1,1 მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც ძალზე კარგი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპის პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქე დაძლევს. სიღარიბის დაძლევა არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთავრობას ამ მიმართულებით თანმიმდევრული წინსვლა აქვს.
სიღარიბე ციფრებში
2024 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 54.669 ბავშვი ცხოვრობს ოჯახებში, რომელთა კეთილდღეობა 30 ათასი ქულით ფასდება, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში.
კიდევ 50.279 ბავშვი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში ცხოვრობს – მათი ოჯახების კეთილდღეობა ფასდება 30 ათასიდან 50 ათას ქულამდე.
დაბალი ქულების მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის 249,7 ლარის პირობებში. საარსებო მინიმუმი გათვლილია პროდუქტებზე და მომსახურებაზე მინიმალური ფასებიდან გამომდინარე, გამოირიცხება განათლების ხარჯები.
ამასთან, საქართველოში ბევრი უფასო პროგრამაა, რომლებიც ასეთ ბავშვებს სხვადასხვა არასასკოლო აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა სხვადასხვა წრეზე სიარული უფასოდ ან ნახევარი თანხის გადახდით. ასევე მათთვის მოქმედებს შეღავათები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების დროს.