ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აპრილში გაიზარდა

საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 730,66 მლნ ლარით (1,36%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით 54,51 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 435,78 მილიონი ლარით, ანუ 1,47%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 294,88 მილიონი ლარით, ანუ 1,22%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის აპრილის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,82 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 15,47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1,71%-ით მეტია.
აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,72%-ით, ანუ 481,62 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, 28,41 მლრდ ლარი შეადგინა.
აპრილის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.