თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ეროვნულმა კომისიამ გადაწყვიტა ტელემაუწყებლებს შვიდთვიანი გარდამავალი პერიოდი მისცეს, რათა მათი მუშაობა, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ და გადაცემებში პროდუქტის განთავსება წესების დაცვით განახორციელონ, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის განთავსების წესები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია და გაიდლაინებიც არსებობს, ამ დრომდე ეს საკითხი რჩება პრობლემად, რომლის მოგვარებაც, მაყურებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, არაიდენტიფიცირებულმა რეკლამამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი და გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას უყურებენ ბავშვები ან სხვა მოწყვლადი ჯგუფები.
„სამწუხაროდ, დღევანდელ სამაუწყებლო სივრცეში ძალიან ხშირად წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რაც არღვევს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან შეუძლებელია, მაყურებელმა გამიჯნოს გადაცემის შინაარსი, წამყვანის მოსაზრება და რეკლამა ერთმანეთისგან", - განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 8 თვის განმავლობაში გააგრძელოს მედიამონიტორინგი, რათა გამოავლინოს დარღვევები, მაგრამ არ გამოიყენოს სანქციები.
„ეს მიდგომა ჩამოაყალიბებს ახალ პრაქტიკას და ყველა მაუწყებელს ექნება დრო, რომ შეცვალოს მიდგომა და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში", - განაცხადა მახარაძემ.
კომისია მზადაა ინდივიდუალურად შეხვდეს ყველა არხის მარკეტინგისა და იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებს და უპასუხოს მათ კითხვებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის განთავსება გადაცემაში კანონის დარღვევისა და მაყურებლის უფლებების დარღვევის გარეშე.
კანონის მიხედვით, ირიბი რეკლამა ადვილად იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. მისი განთავსებისას არ უნდა იქნას გამოყენებული ქვეცნობიერზე ზემოქმედების ტექნიკა.
ის ასევე არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების დამამცირებელი, არ უნდა შეიცავდეს ან წაახალისოს დისკრიმინაცია სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და არ უნდა წაახალისოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საზიანო ქცევა, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
ასევე აკრძალულია სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის, აგრეთვე მედიკამენტებისა და რეცეპტით გაცემული წამლების ირიბი რეკლამა.
ასევე კანონით ფარულმა რეკლამამ არ უნდა მიაყენოს ფიზიკური, გონებრივი ან მორალური ზიან არასრულწლოვანებს, არ უნდა ისარგებლოს არასრულწლოვანთა გამოუცდელობითა თუ გულუბრყვილოებით, არ უნდა შეიცავდეს მათ მიმართ პირდაპირ მიმართვას პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად, არ უნდა წაახალისოს ისინი დაარწმუნოს მშობლები ან სხვა პირები, შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება და ა.შ.