თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსება სულ უფრო ხშირად ძალადობასა და ტერორთან ასოცირდება, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" იმ დეპუტატების (მათი ოჯახის წევრების - რედ.) მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება სულ უფრო ხშირად ძალადობასა და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით", - დაწერა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს.
„მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მუქარის შესახებ განცხადებები გააკეთეს სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეებმაც. რიგი ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები, ასევე მათი ოჯახის წევრები უცნობი პირების თავდასხმის ობიექტი გახდნენ. თბილისში, გუშინ ღამით, უცნობმა პირებმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის შენობის მინები ჩაამსხვრიეს და შენობა დააზიანეს. შეურაცხმყოფელი წარწერები სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთანაც გაჩნდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.