თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, იტალიის ჩემპიონატის რჩეული ფეხბურთელები ავტორიტეტულმა პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.
კვარაცხელიას თამაში დასრულებულ სეზონში Sofascore-მა 7,48 ქულით შეაფასა. იგი 4-4-2 სისტემით შერჩეულ საუკეთესო თერთმეტეულში თავდასხმელის პოზიციაზე „ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან ერთად მოხვდა.
2023/2024 წლების სეზონში კვარაცხელიამ 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო ტურში ქართველის გოლი „ფიორენტინასთან" მაისის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული, ხოლო კვარაცხელია თვის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა.
კვარაცხელია, რომელიც სეზონი А-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ზედიზედ მეორედ დასახელდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რის შედეგადაც იგი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ „პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე. გარდა ქართველი ლეგიონერისა, სავარაუდოდ, „ნაპოლი" ასევე დაემშვიდობება კლუბის საუკეთესო ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენსაც.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
კვარაცხელიას „ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.