თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. დიღომში, „თბილისი მოლთან“ ახალი კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური „დიღომი ჰესი“ აშენდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ეს იქნება მეორე კალაპოტური ტიპის ჰესი დედაქალაქში. პირველი „ორთაჭალა ჰესი“ თბილისში 1952 წლიდან ფუნქციონირებს. ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა, ჰესი მდინარეში წყლის დონის აწევა/დაწევის ფუნქციას ასრულებს და ასევე სახიდე ნაგებობას წარმოადგენს.
პროექტს ახორციელებს კომპანია „დიღომი ჰესი” და მისი საინვესტიციო მოცულობა 23 მილიონი დოლარია.
ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 11,26 მეგავატ-საათი იქნება, წლიური გენერაცია კი 62,8 გიგავატ-საათი იქნება.
კასკადს ექნება თევზგამგტარი პუნქტები, ჰესის თავზე კი საავტომობილო ხიდი აშენდება.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში გამომუშავებულია 3,7 მილიარდი კვტ/სთ - 0,7%-ით მეტი 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.
გასულ წელს საქართველომ გამოიმუშავა 14,4 მილიარდი კილოვატ საათში, რაც 1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.