ლარის გამყარების პერიოდი იწყება: ექსპერტი

ეროვნულ ბანკს რომ არ ემოქმედა მყისიერად, მაისის 17-18-ში ჩვენ მივიღებდით გაცილებით მაღალ კურსს, განაცხადა ექსპერტმა.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. მოდის პერიოდი, როდესაც საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი უნდა გამყარდეს, კერძოდ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყების გამო, განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
ოპოზიცია ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებს განცხადებებს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. ნეგატიური პროგნოზების საბაბი გახდა ბოლო ორ კვირაში ლარის გაუფასურება და ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის - TBC-ისა და „საქართველოს ბანკის" აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა -15% და 20%-ით, შესაბამისად. ერთი დღით ადრე, 14 მაისს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
„ახლა მოდის პერიოდი, როდესაც ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, პირიქით, კურსის გამყარების ხელშემწყობებია. როგორც კი ზაფხულის პერიოდი მოდის, ტურიზმის ფაქტორი ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. ახლა არის პერიოდი, როდესაც პირიქით, კურსი წესით გამყარებისკენ უნდა მიდიოდეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ლარის კურსზე ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს. ეს არის წმინდა ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ინვესტიციები
„არის 4 ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც შეიძლება კურსს ურტყამდეს და მერე ხდებოდეს ცვლილება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მცურავ კურსზე ვლაპარაკობთ, რომელიც ძალიან სწრაფად რეაგირებს ყველა ტიპის ნაწილზე, მაგრამ ყველაფერი სწრაფად დგება კალაპოტში, თუ ფუნდამენტური ფაქტორები არსებობს“, - აღნიშნა ექსპერტმა.
აბაშიშვილის აზრით, როდესაც მაისის შუა რიცხვებში მოხდა ლარის კურსის პირველი ტიპის მერყეობა, ეს იყო ხელოვნურად ინსპირირებული და ამან პანიკა გამოიწვია.
„ეროვნულ ბანკს რომ არ ემოქმედა მყისიერად, მაისის 17-18-ში ჩვენ მივიღებდით გაცილებით მაღალ კურსს. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი არ იყო შეცვლილი, რასაც შეეძლო კურსზე გავლენა მოეხდინა“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
ჯერ კიდევ 15 მაისს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,68 GEL/$1 შეადგენდა, ხოლო რეზონანსურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს, 28 მაისს, ლარი ნიშნულამდე 2,7847 GEL/$1 გაუფასურდა. უკვე 29 მაისს ლარის კურსი 2,7874 ლარი იყო.
ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან უკვე 108,7 მილიონი დოლარი გაყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება. 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტების ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ის საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ რიგში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. 15 აპრილიდან, კანონპროექტის ინიცირების დღიდან, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი, ხოლო უარის შემთხვევაში კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და გამოქვეყნდება „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე.