თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღით სიძის დაჭრისთვის მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, პოლიციელი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლესთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც მისი სიძე დაიჭრა.
„გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სამართალდამცავი დააკავეს“, - აღნიშნავენ უწყებაში.
სამართალდამცავს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.