თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოსა და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გავლით ჩინეთიდან ევროპისკენ გადაზიდული ტვირთების 2-3%-იც კი ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მანამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი დიდი ალბათობით გახდება ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbor Investment Pte (სინგაპური).
„რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში და ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს მას ევროკავშირთან. საქართველოს გავლით, ტვირთების სულ მცირე 2-3%-ის გატარება რომ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე.
„ამ პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმმა (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
პრეტენდენტებს 20 მაისამდე უნდა წარმოედგინათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები და კომენტარები ხელშეკრულებაზე. წინადადებები მითითებულ ვადაში მხოლოდ ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმისგან შემოვიდა.
ინვესტორის შერჩევის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, კერძო პარტნიორთან ერთად, ერთობლივ კომპანიას შექმნის, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას პორტის განვითარების ვალდებულება დაეკისრება.
ამ დროისთვის სახელმწიფო კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის (დრენაჟი, წყალგამტარი) - განახლდა/შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებული იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა მომზადებაში. სატენდერო დოკუმენტაცია და საერთაშორისო ტენდერის ჩატარება კერძო ინვესტორის გამოსავლენად.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.