ეუთო/ოდირმა საქართველოს ხელისუფლებას „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა

კანონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს, ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
სამშაბათს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელიც მინიმუმ 20%-იანი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს.
„საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალში აღნიშნულ მკაცრ მოთხოვნებს“, - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
ოდირის დასკვნაში ასევე აღნიშნულია ძირითადი განსხვავებები ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია საქართველოში ახალ კანონთან დაკავშირებით.
მაგალითად, დასკვნის მიხედვით, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი მიზნებითა და გამოყენების სფეროებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, საჯაროდ დარეგისტრირებულნი იყვნენ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, ისინი არ მოიხსენიებენ ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას, როგორც უცხოურ წარმომადგენელს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან“, – ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა ეს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაკლებად ინტრუზიული ალტერნატივების მაგალითები შეიძლება მოიცავდეს ლობისტური საქმიანობის რეგულაციას, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრს წესებს და ანტიკორუფციულ ან ანტიტერორისტულ კანონებს, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების უფრო მეტად ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცესებს.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება, დაუწესდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამართლებულია ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ისინი არ უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა მოიაზრებდეს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას, წარმოადგენს უცხო ძალების ინტერესებს“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კვლავ მზად არის, აღმოუჩინოს შემდგომი დახმარება საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივა, რათა რეაგირება მოახდინოს ჭეშმარიტ, კონკრეტულ პრობლემებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად.
დასკვნა მომზადდა ODIHR-ის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა ჯგუფის წევრების მასალების საფუძველზე და რეცენზირებულია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის უფროსი მრჩევლის, ანტონინა ჩერევკოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ჯგუფი შედგება რამდენიმე ათეული წევრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი, მედიის ცნობით, არის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდი, რომელიც იცავდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ასევე იყო ევროპული საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც ევროსაბჭოს დაკვეთით გამჭვირვალობის კანონზე ანგარიში მოამზადა.
ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო.
დეპუტატმა თავისი სიტყვების დასადასტურებლად ატვირთა ორი დოკუმენტი ჯერემი მაკბრაიდის სახელით - ერთი ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელია, მეორე ამონარიდი ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.