თბილისი, 30 მაისი – Sputnik. თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას.
„უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მყისიერად და თითქმის დასრულებულია“, - განაცხადეს მერიაში.
გარდა ამისა, დაიტბორა ახლად რეაბილიტირებული წერეთლის გამზირი, მაგრამ, როგორც მერიაში აღნიშნეს, ცხაურების გაწმენდის შემდეგ სანიაღვრეებმა სრულად გაატარეს უხვი ნალექის შედეგად დაგროვილი წყალი.
„წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით. მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა“, - განაცხადეს მერიაში.
ძლიერი წვიმა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.