შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ საწარმოს შექმნიან

საწარმოს შექმნას შესაბამისი მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს ხელი.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
უწყების ცნობით, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
დოკუმენტი განსაზღვრავს საერთო თანამშრომლობის ჩარჩოს ბუქარესტში ერთობლივი საწარმოს შექმნისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას.
„მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას საქართველოდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი.
შეხვედრაზე განიხილეს ოთხი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცედურული და ტექნიკური დეტალები.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.