ირაკლი კობახიძე: „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში

„ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ უთქვამთ, რომ თბილისში საპროტესტო აქციებზე იგივე მეთოდებს იყენებდნენ, რაც უკრაინაში „მაიდანის“ დროს
Sputnik
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ვერავინ შეძლებს საქართველოში „მაიდანის“ მოწყობას, რომელიც უკრაინაში გარედან დანიშნული ხელისუფლების დროს მოხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე იგივე ვიზუალური მეთოდები გამოიყენეს, როგორც უკრაინაში „მაიდანზე“. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა „მაიდანიზაციის“ ხელშემწყობად შეაფასა.
„ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდგომ განვითარდა უკრაინაში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, 2013 წლამდე უკრაინა იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, 200 მლრდ დოლარის მოცულობის ეკონომიკა და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა არის შემცირებული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
„შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაი კალასის რეაქციაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცახნის გამოსვლაზე თბილისში, 15 მაისს აქციის მონაწილეების წინაშე. კალასის თქმით, ეს მინისტრის პირადი არჩევანი იყო და ეს არ წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
„ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის თანხმობის გარეშე მონაწილეობს საქართველოში ოპოზიციურ აქციაში, ეს მეტყველებს არასერიოზულობაზე, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურაში იკვეთება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ეს არის მათი საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.
2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის მთავარი მოედანი მას შემდეგ დაიკავეს, რაც მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მაიდანი ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა, რასაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა.
2014 წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მოგვიანებით კი პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მის პოლიტიკურ ოპონენტ იანუკოვიჩს და შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმს „ბერკუტს" დააკისრა.
რაც შეეხება ქართულ პროტესტს, თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
მაისის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ პარლამენტთან მიტინგებზე პროვოკაციების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიიღო, რომლის მიზანიც დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებენ.