გაძვირდება თუ არა პური საქართველოში?

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოლო თვეებში მსოფლიოში მოსავლის პროგნოზი დაახლოებით 10 მილიონი ტონით შეამცირა.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში პური არ გაძვირდება, რადგან ხორბლის ბაზარზე კრიტიკული რხევები მოსალოდნელი არ არის, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იზრდება. მაგრამ, სილაგავას თქმით, საქართველოში არც ხორბლის და არც ფქვილის ღირებულების მკვეთრი მატება არ არის მოსალოდნელი.
„ამწუთიერი მონაცემებით, ბაზარზე დიდი რყევები არ იქნება. ეს, რა თქმა უნდა, წინასწარი მონაცემებია. შესაძლებელია, ფასის რაღაც რყევები ვიხილოთ , მაგრამ ვფიქრობთ, ეს არ იქნება კრიტიკული რყევები იმისთვის, რომ გარკვეულწილად ფქვილის, პურის ფასს გადაედოს”, – განაცხადა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში.
სილაგავამ დაასახელა ის ფაქტორები, რომლებმაც მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც ყოველთვიურ ანალიტიკას აცხადებს , ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოსთვის მოსავლის მოცულობის პროგნოზი 10 მილიონი ტონით დააკლო, რაც საკმაოდ სერიოზული კლებაა , საუბარია მოსალოდნელ მოსავალზე. მსოფლიოში მცირდება გარდამავალი მარაგებიც, ასევე დაკლებულია ექსპორტზე გასატანი მოცულობები. ამ სამი ფაქტორის შეჯამების შედეგად ის თემა იკვეთება, რომ ფაქტობრივად, ბაზრის ტრენდი ფასის მატებისკენაა მიმართული.
ექსპერტის თქმით, არის დადებითი ფაქტორიც. კერძოდ, იწყება მოსავლის აღება ქვეყნებში, რომლებიც მარცვლეულის ძირითადი მომწოდებლები არიან - ევროკავშირში, რუსეთსა და უკრაინაში.
„ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას – აქვთ წინა წლიდან დაგროვილი გარკვეული გარდამავალი მარაგები. დაბინავებული მარაგები საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ბაზარზე ამ მარაგების გამოყრა ხდება იმისთვის, რომ უკვე ახალი მოსავლის მარაგები მიიღონ“, - განმარტა სილაგავამ.
მისი თქმით, ამ პერიოდში ფასს ყოველთვის წნეხად აწვება ძველი მარაგების „გამოყრა“ ელევატორებიდან და ახალი მოსავლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ექსპორტზე გადის, ეს ფაქტი დამაბალანსებელი ფაქტორია.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ქვეყანას ხორბალი შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.