თბილისი, 30 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ამზადებენ სარჩელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.
სამშაბათს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს. კანონი უახლოეს დროს შევა ძალაში.
„ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს საკამათო მუხლების მოქმედებას, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
თბილისში კანონის ინიცირების დღიდან, 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, რამდენჯერმე პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.