ქართული ღვინით საფრანგეთში გასტრონომიულ ფესტივალზე დაინტერესდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქართული ღვინო Les Festives Gourmandes-ის ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალზე წარადგინეს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ შალონ-სიურ-სონში გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინო საფრანგეთის პრესტიჟულ ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Le Pont Caucasien-ის ორგანიზებით წარდგა.
კომპანია Le Pont Caucasien-ის ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს 10 ქართული ღვინის კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.
Les Festives Gourmandes--ს ყოველწლიურად 10 ათასამდე სტუმარი - სომელიები, ღვინის კომერციული და HoReCa- სექტორის წარმომადგენლები ესწრება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, 2013 წლიდან მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.