პაპუაშვილი: ფარული საგარეო ჩარევა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

თუ არამომგებიანი ორგანიზაციები არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ უკან, განაცხადა სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ფარული საგარეო ჩარევა საფრთხეს უქმნის მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რასაც აძლიერებს გეოპოლიტიკური მდებარეობა და რთული რეგიონული ვითარება - აი, რატომ არის მნიშვნელოვანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის პასუხად.
ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის - ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართეს და კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდეს. როგორც აღნიშნულია განცხადებაში, საქართველოში მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები „შემაშფოთებელია“, ხელისუფლების ქმედებები კი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც „თქვენ ვალდებული ხართ, იხელმძღვანელოთ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია".
„ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს... ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება", - ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში.
მისი თქმით, თუ არამომგებიანი ორგანიზაციები არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ უკან.
„ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში, ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მმართველ პარტიაში ადრე განაცხადეს, ამერიკული „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის" (EED) მიერ გამოყოფილი თანხები საქართველოში იმ ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
პაპუაშვილის თქმით, EED ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი გადასახადების გადამხდელების მიერ.
„გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილის აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ეს პრაქტიკა უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს, აღნიშნა სპიკერმა.
„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ხმამაღალი განცხადებები და ემოციები გამოიწვია, მაგრამ არავის გამოუთქვამს ამ პროცესში საჭირო ერთადერთი რამ - მზაობა გამჭვირვალობაზე. ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეშფოთებულია შიდა და გარე აქტორების მიერ ამ კანონის სტიგმატიზაციასთან და სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენციასთან დაკავშირებით.
„დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები.
„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება.
28 მაისს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.