თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს, არ გვაქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ოპოზიცია ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებს განცხადებებს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა ლარის გაუფასურება და ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის - TBC-ისა და „საქართველოს ბანკის" აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა -15% და 20%, შესაბამისად. ერთი დღით ადრე, 14 მაისს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
„ეროვნული ბანკის ჩარევას აზრი არ ექნებოდა და არაპროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩვენ გვექნებოდა ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები მოსახლეობის ქცევაზე აისახება", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ნარჩუნდება ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ იყო მცდელობა უპასუხისმგებლო და განზრახ პანიკის გამოწვევის... ამის მიუხედავად, ყველაფერი დასტაბილურდება", - განაცხადა დავითაშვილმა.
ჯერ კიდევ 15 მაისს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,68 GEL/$1 შეადგენდა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს, 28 მაისს კი ლარი 2,76 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. 29 მაისს კი ლარის კურსმა 2,7874 GEL/$ შეადგინა.
ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 108,7 მილიონი დოლარი უკვე გაყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
გუშინ, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ევროკავშირმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.