თბილისი, 28 მაისი — Sputnik. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო.
ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა.
„პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ამ კანონის გაკეთილშობილება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პლენარულ სხდომაზე და მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული და სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ხმა არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას კი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.