თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ამხილეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით ახდენდა მის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელზე Nike-ის ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას.
ბრალდებულის მფლობელობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, Nike-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61.563 ცალი Nike-ის ლოგო.
გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.