თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ერთჯერად ელექტრონული სიგარეტს მოიხმარს ყოველი მესამე მოზარდი, განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა. კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
„ძალიან ადრეული ასაკიდან ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ტენდენცია წამოვიდა. დაახლოებით, 8-9 წლის ბავშვები ამ პროდუქტებს სინჯავენ. ჩვენი ბოლო მონაცემებით, ექსპერტული დაკვირვებებით, დაახლოებით ყოველი მესამე ბავშვი სხვადასხვა ინტენსივობით ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კატასტროფული ნიშნების შემცველია", - განაცხადა ბახტურიძემ პრეს-კლუბში „კვირა".
მისი თქმით, 2016 წლის მონაცემებით, არასრულწლოვნებში თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტის გავრცელება 18%-ის დონეზე იყო. 2020 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 12%-მდე შემცირდა.
ინდუსტრიაში დაფიქსირდა მოხმარების შემცირება როგორც ბავშვებში, ისე მთლიანად მოსახლეობაში (2016 წელს მოხმარება იყო 33%, 2020 წელს 27%, ანუ მთლიანობაში საზოგადოებაში კლება იყო 6%. თამბაქოს მოხმარება 15%-ით შემცირდა), აღნიშნა მან.
როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, პანდემიის დროს ინდუსტრიის მხრიდან უკანონო ქმედებები შემცირებული იყო, მაგრამ 2021 წლიდან მათ ახალი პროდუქტების უკანონო პოპულარიზაცია მასობრივად დაიწყეს.
ექსპერტის ინფორმაციით, თუ შევადარებთ ზიანს ჩვეულებრივ თამბაქოს, ელექტრონულ სიგარეტს ან გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს შორის, გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა მეტაანალიზები, ანუ მოხდა ასეულობით კვლევის შეჯერება, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ იმ დაავადებებს, რასაც ჩვეულებრივი თამბაქო იწვევს, თითქმის იმავე დონეზე, იმავე დროში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებიც იწვევს.
როგორც ბახტურიძემ განმარტა, ელექტრონული სიგარეტი წარმოდგენილია სითხის სახით და ნიკოტინთან ერთად შეიცავს არომატიზატორებსა და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტს საგემოვნო თვისებებს ანიჭებს და სწორედ ეს არომატები იზიდავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
„ამ ნივთიერებების გამხსნელი ნივთიერება გლიცერინია. გლიცერინი ერთი შეხედვით უსაფრთხოა და სამედიცინო თვალსაზრისით ვიყენებთ, მაგრამ როგორც კი ამ კომპონენტების გახურება 100 გრადუსზე ზემოთ ხდება, ისინი გარდაიქმნებიან ტოქსინებად, კანცეროგენებად, ანუ კიბოს გამომწევ აგენტებად. უსაფრთხო დოზა დადგენილი არაა", - განაცხადა ბახტურიძემ.
ბახტურიძემ იმ ზომების შესახებ ისაუბრა, რაც, მისი თქმით, თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად უნდა გატარდეს.
ექსპერტმა როგორც განმარტა, დღეს საჯარიმო სანქციები სავაჭრო ობიექტებში 1 ათასიდან 5 ათას ლარამდეა, თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან იწყება, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1 ათასი ლარია, შემდგომ კი 2 ათასი ლარი.
სავაჭრო ობიექტებში ყოველთვიურად დაახლოებით 300-400 დარღვევა ფიქსირდება და თამბაქოს ინდუსტრია ყოველთვიურად სადღაც 800 ათასი –1 მლნ ლარით ჯარიმდება, თუმცა მათ აღნიშნული თანხის გადახდა უღირთ, განაცხადა ბახტურიძემ.
2023 წლის დეკემბერში „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა" ხელისუფლებას ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის აკრძალვისა და კანონის აღსრულების კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ცენტრის ანგარიშში, რომელიც შედგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და 2023 წლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ თამბაქოს ნაწარმის 60-65%-ზე მეტი, რომელიც საქართველოში სვაჭრო ობიექტებში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, არის ახალი პროდუქტი, კერძოდ ელექტრონული სიგარეტი.
ამასთან დაკავშირებით ცენტრმა მოამზადა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვის აკრძალვის გარდა, ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, აიკრძალოს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა კონკრეტული არომატით, მაგალითად, მენთოლის, ვანილის, ვაშლის, შოკოლადის და სხვა.
ცენტრის რეკომენდაციაა ასევე, რომ 2015 წლის შემდეგ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, სრულწლოვნობის შემდეგაც კი, ანუ 2033 წლიდან თამბაქოს პროდუქტები აღარ მიეყიდოს.