ევროკომისია: კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეგრესს გამოიწვევს

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება გამოიწვევს საქართველოს რეგრესს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის ცხრა პირობიდან სამის შესრულებაში, ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამზე იწვევს უკუსვლას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციის შესახებ; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ), რომლებიც კანდიდატის სტატუსისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში არის აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებმა დაუჭირეს მხარი და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც ამ კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას შეიცავს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კანონის მიღებაზე რეაგირების საკითხს განიხილავს.
„ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუჩენია სათანადო პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯზე მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად - მაგრამ მმართველი ოფიციალური პირების მხრიდან ძლიერი ერთგულებაა საჭირო", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.