ვინ მოაწერს ხელს „ქართულ ქარტიას"? ოპოზიციის რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე

„ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik.საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე" ხელის მოწერა შესთავაზა, მისაღები და საინტერესო აღმოჩნდა ხელისუფლების ოპონენტებისთვის - რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოხატა სურვილი შეუერთდეს დოკუმენტს, ზოგიერთს კი ჯერ კიდევ დრო სჭირდება დეტალებში გასარკვევად.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მზადყოფნა გამოთქვა შეუერთდეს „ქართულ ქარტიას", ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიამ „ახალი", რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანადამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და „ნაცმძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიამ 2024 წლის მარტში დააფუძნეს, ასევე გამოთქვა მზადყოფნა შეუერთდეს პრეზიდენტის ინიციატივას.
„მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია „ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით," - განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რეფორმების შინაარსი და გრაფიკი აბსოლუტურად სწორია - ეს არის ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, აცხადებს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეფორმებზე საერთო პასუხისმგებლობის აღება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს დოკუმენტი არ ეხება ერთიან სიას, ეს ეხება საერთო რეფორმებს და მე მივესალმები ამას“, - განაცხადა ვაშაძემ.
პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა აუცილებლად მიიყვანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ ამ საკითხს და აუცილებლად შევუერთდებით ამ ქარტიას. ეს საზოგადოებას მისცემს საშუალებას დაინახოს, რომ ყველა პროევროპულ პარტიას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რათა ქვეყანამ დაიკავოს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა - ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„პარტიები „გირჩი-მეტი თავისუფლება” და „დროა” მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ “ქართულ ქარტიას“, - წერია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერს და უერთდება ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო". რეალური დემონსტრირება იმისა, რომ ოპოზიციას აქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, ყველა განსხვავების მიუხედავად, ზუსტად ისაა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ითხოვდა, მიაჩნია პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიას.
„ზუსტი გზავნილი იყო, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, არ ნიშნავს, რომ არ იქნება მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი, რომ ყველა ერთ ყულაბაში აღმოჩნდება, რაც მმართველ რეჟიმს გაუადვილებდა პროპაგანდას - არა! ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა”, - აღნიშნა ბოკერიამ.
საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ მიაჩნიათ, რომ რეფორმების გეგმა სწორია და აპირებენ მის განხორციელებაში მხარდაჭერას. რაც შეეხება ქარტიის ხელმოწერას, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები.
„არის საკითხები დროებითი ტექნიკური მთავრობის და ვადამდელი არჩევნების შესახებ, კიდევ არის სხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. არ მინდა, წინასწარ მოვლენებს გავასწრო. ამ თემაზე საუბარი გვჭირდება პრეზიდენტთან, ინიციატორებთან და ამის შემდეგ გეტყვით ჩვენს პოზიციას, შევუერთდებით თუ არა ქარტიას“, - განაცხადა დაუშვილმა.
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.