თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory-M საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 36-წუთიანი ფილმი მოამზადა, იუწყება ტყრიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა.
მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში ( სახიფათო და შეუძლებელი ტური) - ასე ეწოდება იუთუბერების მიერ მომზადებულ ფილმს, რომელშიც ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.
საქართველოში ტურის ფარგლებში ცნობილმა იუთუბერებმა სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალურ ტურში, გადაიღეს უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები.
Yes Theory-ის არხს Youtube-ზე 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს.