Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მოწამე ისიდორე
წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი აღესრულებინა, ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც მოფერებამ და ვერც დაპირებებმა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესუ ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა მოაგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი - თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა მოწამე მაქსიმე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, როცა წარმართები შეიკრიბნენ მსხვერლშეწირვისათვის, წმიდა მაქსიმემ ვერ აიტანა ამაზრზენი სანახაობა, მიეჭრა უღმრთოებს, ხმამაღლა ამხილა მათი უსჯულოება და კერპებს ადამიანთა ხელით ქმნული უსულო არსებები უწოდა. გამძვინვარებულმა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს წმიდა მოწამე
ღირსი სერაპიონ სინდონიტი
ღირსი სერაპიონ სინდონიტი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნულ ღვაწლს. მან ნებსით იტვირთა სიგლახაკე ქრისტესთვის - თავშესაფარიც კი არ გააჩნდა. მთელ მის ქონებას წარმოადგენდა ერთი სელის სამოსი - სინდონი (ალბათ, ამიტომაც უწოდეს მას სინდონიტი) და სახარება. ღირსი სერაპიონი მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა. ყველაფერს, რასაც კეთილი ადამიანები ჩუქნიდნენ, გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ წმინდანმა სიცივისაგან აკანკალებულ მათხოვარს საკუთარი ტანსაცმელი აჩუქა; როცა ერთი კეთილმსახური მოქალაქე მანი-ქეველობის ერესით ცდუნდა, ღირსმა სერაპიონმა მისი სულის წარწყმედისაგან დასახსნელად პირად თავისუფლებაზეც კი უარი თქვა, მონად მიეყიდა ამ კაცს და გონებრივი შეგონებებით მიაღწია მისი ბატონის მართლსარწმუნოებაზე მოქცევას. უფლის რჩეული V-ე საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.
ღირსი ლეონტი - იერუსალიმის პატრიარქი
წმიდა ლეონტი იერუსალიმის პატრიარქი ( 1175) - წმიდა გრიგოლ პალამას გადმოცემით, 1223-1261 წლებში მართავდა იერუსალიმის ეკლესიას. მისი ცხოვრება დაწვრილებით აღწერა კონსტანტინეპოლელმა მონაზონმა თეოდორემ. ეს თხზულება თარგმნა ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც პატრიარქის აღსრულების თარიღად თვლის 1175 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით