პაპუაშვილი: ზურაბიშვილის ქარტიამ „ქართული ოცნების" სიმართლე დაადასტურა

პრეზიდენტმა თავის ქარტიაში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტილში დააანონსა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები, განაცხადა სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ქარტია გახდა იმის დასტური, რაზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია საუბრობს - არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში და იგი ერთ რადიკალურ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
„ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ომის ქარტია, იმიტომ რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა თავის ქარტიაში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტილში გამოაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ შეძლო მოსახლეობის დარწმუნება, რომ ისინი თითქოს არიან ცალ-ცალკე ძალები და გადაწყვიტეს „ერთიანი ფანჩატურის ქვეშ" შეკრება.
„კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია მოსახლეობისთვის, თითქოს ეს იყო რაღაც სხვადასხვა ძალა, ეს ფარსი დავასრულებინეთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე ხელის მოსაწერად მზადყოფნა გამოთქვეს პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება",„ ლელო საქართევლოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „მოქალაქეები".
აღნიშნულ ეტაპზე „ქარტიას" ხელს არ მოაწერს პარტია „გირჩი". რაც შეეხება საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას, თუმცა, არსებობს დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა.
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.