პრემიერ-მინისტრი ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძე წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ხნის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.
„ტრისტან სარალიძემ ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო. თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ტრისტან სარალიძე 1955 წლის 5 მაისს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაიბადა. 1980 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი.
მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ.
სარალიძე გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.
სარალძეს 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.