პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას" „გირჩი" ხელს არ მოაწერს

არ გვეშინია არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის და არც ხელის არმოწერის, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. პარტია „გირჩი" ხელს არ მოაწერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას", განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე ხელის მოსაწერად მზადყოფნა გამოთქვეს პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება",„ ლელო საქართევლოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „მოქალაქეები".
„როგორც ჩანს, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არმოწერის“,- განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას, თუმცა, არსებობს გარკვეული კითხვები.
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.