თავდაცვის მინისტრი: თქვენი მხედრული სულისკვეთება ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარია

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე გაიმართა.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ, მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ და თავისუფლებამოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ახალწვეულებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტრადიციულად ფიცს დებენ.
„ეს დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. თქვენი მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარი. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული", - განაცხადა ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალწლოვანი კულტურა წარმოადგენს საქართველოს სიძლიერის საფუძველს.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.