თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი ამ დღის აღსანიშნავად კონცერტები და გამოფენებია დაგეგმილი.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 106-ე წლისთავს აღნიშნავს — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონში ფრედერიკ დუგლასის ხიდი, ნიაგარას ჩანჩქერი, პარიზის მე-17 ოლქი, მადრიდში სიბელისის მოედანი, ათენის მთავარი შადრევანი, დუბლინში სამუელ ბეკეტის ხიდი, ასევე ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის სხვადასხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ვატიკანში კი ქართველო კომპოზიტორ გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
საფრანგეთში ლევილის მამულში გაიმართება ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ფესტივალი, ხოლო ესპანეთში - ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის პერფორმანსი და ფოლკლორული მუსიკის კონცერტი.
ქართულ თემატიკაზე ფესტივალი გაიმართება იაპონიაშიც. გარდა ამისა, ბარსელონაში, მილანსა და სოფიაში ქართული მხატვრობისა და კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენები მოეწყობა. დამოუკიდებლობის დღის საპატივცემულოდ კონცერტები გაიმართება იტალიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, მოლდოვაში, კორეასა და ბრაზილიაში.