თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი წყალდიდობის გამო ერევანი-თბილისი-ერევნის მატარებლის რეისები გაუქმდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი”.
„არახელსაყრელი ამინდის გამო საავტომობილო და სარკინიგზო მიმართულებები ნატანი მასალით ჩაიხერგა. აირუმ-ახტალას მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის რეისები გაუქმებულია“, - ნათქვამია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის" განცხადებაში.
უწყება მატარებლების მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ონლაინ შეიძინეს, ინტერნეტითვე შეუძლიათ მათი დაბრუნება. ბილეთების დაბრუნება ასევე შესაძლებელია ერევნისა და გიუმრის სადგურების სალაროებში.
მდინარე დებედის ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად დაზიანდა საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი და საქართველოსკენ მიმავალი გზა ორივე მიმართულებით ჩაკეტილია. წყალდიდობის შედეგად დაინგრა გზები და ხიდები, ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიას ემსხვერპლა ერთი ადამიანი, ზოგიერთ დასახლებაში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.