თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 2024 წლის 27 მაისიდან მდინარე არაგვის კალაპოტში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მოსული უხვი ნალექით და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი შეუერთდება.
„წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია მოსახლეობას სთხოვს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას.