წინ, საქართველო! უცხოელი დიპლომატები ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმა ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო. ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია საელჩოს მილოცვაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
„ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!", - წერია წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მილოცვის ტექტსში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„საფრანგეთის საელჩო გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გერმანიის ელჩმა მიულოცა.
„საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“, - დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი.
„ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!“, – აღნიშნავს ელჩი.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.