თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, რომელიც ექვს ლოკაციაზე გაიმართება. თბილისი, მცხეთა, ბეთანიის მონასტერი, გერგეტის სამება, კაცხის სვეტი, დიდგორის ველი - რეკრუტები ყველგან ერთხმად და ერთდროულად წარმოთქვამენ ფიცის ტექსტს, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ მათ უკვე ოფიციალურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილად აქცევს.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.
წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ბავშვთა ღონისძიებები.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი - 10:00 საათიდან 22:00 საათამდე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს - კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.