საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები

ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ, 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 4,9 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 9,6 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 31,9 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სააგენტომ საინბესტიციო პორტფელების სარგებლიანობის ანგარიში გამოაქვეყნა (2023 წლის აგვისტო - 2024 წლის 30 აპრილი)
ინფლაციის გათვალისწინებით რეალური მომგებიანობა ასე გამოიყურება:
კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) პორტფელი – 6,22%
დაბალანსებული (საშუალორისკიანი) პორტფელი – 7,24%
დინამიკური (მაღალრისკიანი) პორტფელი – 7,04%
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს რიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას არ იღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.