თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოულოდნელ გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ვერსია გააჟღერეს.
შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 23 მაისს განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ და ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება - ის დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ მკურნალობას გადის. განცხადება გადადგომის შესახებ პარლამენტში უკვე შევიდა.
„მიუხედავად იმისა, მე რას ვფიქრობ ადამიანზე და მის საქმიანობაზე, ჯანმრთელობა არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ვიქილიკოთ. მაგრამ „ქართული ოცნების" ჯანმრთელობაზე გეტყვით, რომ მას არ უვარგა ჯანმრთელობა, არც ნერვული სისტემა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
პარტია „ლელოში“ ივარაუდეს, რომ მმართველი პარტია დაშლის პირასაა.
„ქართულ ოცნებაში" რღვევა დაწყებულია, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ცხადია, არ იქნება უკანასკნელი. ეს სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ პერსონალურ პასუხისმგებლობას ვინმე გაექცევა, თუნდაც იმიტომ, რომ ის პირადი განცხადებით გადადგა სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც კონკრეტულ პირებს, მით უმეტეს უმაღლესი თანამდებობის პირებს აქვთ ჩადენილი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, ყველა მათგანი აგებს პასუხს“, - განაცხადა პარტიის საპარლამენტო მდივანმა ლანა გალდავამ.
ოპოზიციაში ასევე გაჟღერდა ვერსია იმის შესახებ, რომ შოთაძემ თანამდებობა დასავლეთის პერსონალური სანქციების შიშით დატოვა. კერძოდ, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მაღალი თანამდებობის ყველა პირს უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და თანამდებობების დატოვება იმისთვის, რომ არ მისცეს შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივოს ხელისუფლება.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს მომდევნო გენერალური პროკურორი ისევ მმართველი გუნდის წევრი იქნება.
„ეს „ქართული ოცნების“ თანამდებობაა იმ გაგებით, რომ მათ აქვთ უმრავლესობა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ახალი პროკურორის დანიშვნა. ნეიტრალურად ვარ ამ ფაქტის მიმართ განწყობილი“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ შოთაძის გადადგომის მოტივი მისთვის უცნობია.
მმართველი პარტიის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ირაკლი შოთაძეს პროფესიონალი და პატრიოტი უწოდა.
„ბატონი ირაკლი არის ამ ქვეყნის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს პროკურატურის გამართული მუშაობისთვის. ჩვენ აუცილებლად მადლობა გვეთქმის მისთვის და ვუსურვებ ჯანმრთელობას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ახალი გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაზე.
„დაუყოვნებლივ იწყება პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე არის ერთთვიანი და ამას წარმართავს საპროკურორო საბჭო. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს სამ მიმართულებას, ასე ვთქვათ, ეს არის - სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები და სამართლის დარგის სპეციალისტები“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, სამი დასახელებული კანდიდატიდან ერთი აუცილებლად უნდა იყოს ქალი კანდიდატი.
გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით 6 წლის ვადით პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევა.
რითია ცნობილი შოთაძე?
ირაკლი შოთაძე, რომელიც 41 წლისაა, საქართველოს გენერალურ პროკურორად 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე მუშაობდა. მან თანამდებობა დატოვა 2017 წლის დეკემბერში სკოლის მოსწავლეებს შორის მასობრივი ჩხუბის გამოძიების გამო აგორებული სკანდალის ფონზე. პროკურატურამ პროცესზე სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალი ვერ დაამტკიცა და შოთაძემ პროტესტისა და საზოგადოების აღშფოთების ფონზე თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფიგურირებდა, საქმეში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა. შოთაძის გადადგომის შემდეგ ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ სარალიძის მკვლელი ორი იყო და მათგან ერთ-ერთი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ნათესავი იყო.
2020 წლის თებერვალში შოთაძე ხელახლა აირჩიეს გენერალურ პროკურორად.
იმავდროულად, როდესაც შოთაძე პროკურატურას ხელმძღვანელობდა, უწყებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა: შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც იძიებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების საქმეებს. გარდა ამისა, დაემატნენ ოჯახური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალური პროკურორები, ასევე პროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.
ამ პერიოდში საქართველოს პროკურატურამ არაერთი გახმაურებული საქმე გახსნა, მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან დაკავშირებით, ე.წ. „ქოლ-ცენტრების" ჩათვლით.